ლარიზაციის მიზანია, მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეები იმ რისკებიდან, რომლებიც დაკავშირებულია სავალუტო კურსის მერყეობასთან

ლარიზაციის მიზანია, მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეები იმ რისკებიდან, რომლებიც დაკავშირებულია სავალუტო კურსის მერყეობასთან

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ლარიზაციის კანონპროექტების პაკეტის მიზანია, მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეები იმ რისკებიდან, რომლებიც დაკავშირებულია სავალუტო კურსის მერყეობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე, გადაცემა 2030-ში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობას ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ჩამოყალიბებული აქვს ძალიან მკაფიო ხედვა.

„წინასაარჩევნოდ ჩვენი სლოგანი, დევიზი სწორედ ეს იყო - სწრაფი ეკონომიკური განვითარება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სწორედ ამ მიმართულებაზე.  ძალიან მკაფიო, კონკრეტული ხედვა ჩამოაყალიბა ამისათვის საქართველოს მთავრობამ. ჩვენ გვქონდა ძალიან სიღრმისეული მსჯელობა თითოეულ დეტალზე, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკური განვითარების გეგმასთან. საბოლოოდ, სწორედ ამ მსჯელობის საფუძველზე პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას. ხედვა , გეგმა არის მკაფიო და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გეგმა სათანადო შედეგებს გამოიღებს უახლოეს მომავალში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ლარიზაციის პაკეტი, რომელიც პარლამენტმა დავამტკიცეთ, ითვალისწინებს დედოლარიზაციის გეგმას და სწორედ ეს უზრუნველყოფს საქართველოში, რომ მოქალაქეები დაზღვეულნი იყვნენ რისკებისგან, მათ შორის, კრედიტების გამოტანის შემთხვევაში.

„ეს არის შინაარსი იმ პაკეტისა, ძალიან ზოგადად რომ მიმოვიხილოთ. კანონი ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება, თუმცა მთავარი მიმართულება სწორედ ის არის, რომ მოქალაქე იყოს მაქსიმალურად დაზღვეული იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს სავალუტო კურსების მერყეობასთან“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ ოპოზიცია გეგმა ეფექტიანად არ მიიჩნევს  და აუცილებელია, მთარვობის ეკონომიკური გუნდი მივიდეს პარლამენტში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: 

„დოლარიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი . დღეს ვმუშაობთ, რომ ეს ნეგატიური ეფექტი იყოს მაქსიმალურად განეიტრალებული. გარკვეული რთული მემკვიდრეობა დაგვხვდა  ამ სფეროში და მთავრობა მუშაობს სწორედ იმაზე, რომ პროგრესს მივაღწიოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კრიტიკა არ არის დასაბუთებული. რაც შეეხება პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მთავრობას, განსაკუთრებით ეკონომიკურ გუნდს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ბოლო თვენახევრის განმავლობაში, იმ დღიდან, როდესაც შეიკრიბა პრაქტიკულად ახლად არჩეული პარლამენტი, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, არაერთ ფორმატში შედგა განხილვა ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი იყვნენ ძალიან აქტიურად ჩართულნი ამ განხილვაში. სწორედ ამ განხილვების შედეგია,  რომ ჩვენ შევჯერდით იმ ხედვაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მოიწონა  საქართველოს პარლამენტმა. თანამშრომლობა გაგრძელდება და შესაბამისად, ბუნებრივია, მიიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები ხალხის საკეთილდღეოდ“,-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.