შუამდგომლობა გაუწიოს იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხების გამო სახელფასო ბარათები აქვთ დაყადაღებული

შუამდგომლობა გაუწიოს იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხების გამო სახელფასო ბარათები აქვთ დაყადაღებული

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ფრაქციათაშორის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც სამართლიანობის აღდგენის საკითხზე იმუშავებს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, უამრავი ადამიანი ვერ ბრუნდება სამშობლოში, რადგან სამართლიანობის აღდგენას ელოდება.

„ციხეში ბევრი ისევ სამართალს ელოდება. უამრავი რეპრესირებული არმია ელოდება სამართლიანობის აღდგენას. იქნებ, შეგვექმნა ფრაქციათაშორის ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სამართლიანობის აღდგენაზე“, - განაცხადა კვიციანმა.

გარდა ამისა, ემზარ კვიციანმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ შუამდგომლობა გაუწიოს იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხების გამო სახელფასო ბარათები აქვთ დაყადაღებული, რათა მათ ახალი წლის დღეებში ხელფასით სარგებლობა შეძლონ.

„ჩემთან ორშაბათს ქალი იყო მოსული, რომელსაც აქვს სესხი და უმარავი ადამიანია ასე დაზარალებული. 900 ლარი აიღო 8 წლის წინ და 4 900-ს იხდის დღესდღეობით. რაში მდგომარეობს პრობლემა - დაყადაღებული აქვს ხელფასი. როდესაც მან სესხი აიღო სამსახური ჰქონდა, მერე დაკარგა და ვერ გადაიხადა ვერც პროცენტი და ვერც აღებული სესხი. ახლა სამსახური აქვს და 100%-ით დაუყადაღეს ხელფასი. „თიბისია“ ერთ-ერთი ბანკი, სადაც შეექმნა პრობლემა. დავურეკე ხაზარაძეს, ხაზარაძემ გადავწყვეტ ამ თემასო და მადლობა ხაზარაძეს, რომ ეს საქმე გადაწყვიტა. მაგრამ ეს არის ერთი კონკრეტული ფაქტი. უამრავი ადამიანი, რომელიც ითხოვს საახალწლოდ მაინც მოუხსნან ეს ყადაღა, რომ საახალწლოდ ორი კაპიკი ოჯახში შეიტანონ, მერე გააგრძელებენ ამის გადახდას. ბატონო თავმჯდომარე, ითხოვენ თქვენგან შუამდგომლობას“, - განაცხადა კვიციანმა.