მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი, სამართლებრივად, ყრილობის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის პოლიტსაბჭოს კვორუმის არ შედგომის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თუ ამ ჯგუფს არ მოსწონს და პერსპექტივაში ხედავს საფრთხეს ლეგიტიმური ორგანოების გადაწყვეტილებაში, ისინი ან ბოიკოტს ახდენენ, ან უგულებელყოფენ, ან ღალატზე და შეთქმულებაზე საუბრობენ.
”მთავარი პრობლემა არის ზოგადი დამოკიდებულება. ის, რაც დაიწყო პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით - კამპანია “ღალატზე”, “ივანიშვილთან გარიგებაზე”, მერე უკვე უგულებელყოფა ხდება საკუთარი პარტიის, ორგანოების და არის დამოკიდებულება - მნიშვნელობა არ აქვს რას იზამს პოლიტსაბჭო. თუ პოლიტსაბჭო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ვიღაცას აწყობს, მაშინ ეს კარგია და თუ მერე რაღაც საფრთხე დაინახეს, ბოიკოტს უცხადებენ, - განაცხადა ბოკერიამ.
როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, პოლიტსაბჭომ წინა ჯერზე მიიღო გადაწყვეტილება,რომელსაც ის თავად არ ეთანხმებოდა, თუმცა, მისი რეაქცია იყო, რომ ეს არის ”დემოკრატიული პროცესი და ასე უნდა იყოს”.
”მეორე მხარე სრულიად საპირისპიროდ იქცევა, თუ არ მოსწონთ ან პერსპექტივაში ხედავენ რაიმე საფრთხეს ლეგიტიმური ორგანოების გადაწყვეტილებაში, ისინი ან ბოიკოტს ახდენენ, ან უგულებელყოფენ, ან ღალატზე და შეთქმულებაზე საუბრობენ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამო ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ გზით, ამ მეთოდებით და ამ დამოკიდებულებით, რომ ბელადი რასაც იტყვის ავტომატურად მართალია, არც პროცედურებს აქვს მნიშვნელობა. ტალახი შეიძლება ესროლო შენს თანაგუნდელებს და ყოფილი თანაგუნდელები უწოდო იმიტომ, თუ არ დაგეთანხმდნენ რაღაცაში, ამ გზით ქვეყნის წინსვლა ამ რეჟიმის დამარცხება ვერ მოხერხდება და სწორედ ამიტომაა პირველ რიგში ეს გამოწვევა”, - განაცხადა ბოკერიამ.