წმინდა სინოდი - რადგან კრეტის კრებაში არ მონაწილეობდა ოთხი ადგილობრივი ეკლესია, მისი დადგენილებები ვერ იქნება სავალდებულო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის

წმინდა სინოდი - რადგან კრეტის კრებაში არ მონაწილეობდა ოთხი ადგილობრივი ეკლესია, მისი დადგენილებები ვერ იქნება სავალდებულო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის

22 დეკემბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კრეტის კრება იყო. წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ რადგან კრეტის კრების მუშაობაში არ მონაწილეობდა ოთხი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, ამიტომაც მას არ შეიძლება ეწოდოს საყოველთაო, ყოვლადმართლმადიდებლური (პანორთოდოქსული) კრება. 

ამასთან, წმინდა სინოდი აცხადებს, რომ კრეტის კრების მომზადებისა და ჩატარების დროს დაირღვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ დადგენილი და აღიარებული მთავარი პრინციპი კონსენსუსისა, ამიტომაც კრეტის კრების დადგენილებები ვერ იქნება სავალდებულო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

”ამგვარი შეკრება ათწლეულების მანძილზე იგეგმებოდა და იგი არის ღირსშესანიშნავი და განსაკუთრებული მოვლენა წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში.

კრების მზადებას თავიდანვე სათავეში ედგა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, პროცესში კი ჩართული იყო ყველა ოფიციალური ეკლესია. წინასაკრებო სამუშაო შეხვედრებზე 1961 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს დელეგატებიც მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, უფროსი თაობის სასულიერო დასის სხვადასხვა წევრის მიერ ათწლეულების მანძილზე გაწეული შრომა დასაფასებელია.

როგორც ადრეც იყო აღნიშნული, კრების მომზადების საბოლოო ეტაპზე წარმოქმნილმა სერიოზულმა დაბრკოლებებმა რამდენიმე ადგილობრივ ეკლესიას არ მისცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო კრეტის კრების მუშაობაში, რის გამოც ჩვენს გულისტკივილს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და დღესაც მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო ყველა ეკლესიის მიერ დასმული საკითხების შესწავლა-განხილვა, რაც არ განხორციელდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა დაადგინა: 

რადგანაც კრეტის კრების მუშაობაში არ მონაწილეობდა ოთხი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, ამიტომაც მას არ შეიძლება ეწოდოს საყოველთაო, ყოვლადმართლმადიდებლური (პანორთოდოქსული) კრება;

კრეტის კრების მომზადებისა და ჩატარების დროს დაირღვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ დადგენილი და აღიარებული მთავარი პრინციპი კონსენსუსისა, რაც გულისხმობდა განსახილველ საკითხთა შესახებ ყველას თანხმობასა და გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღებას. ამიტომაც კრეტის კრების დადგენილებები ვერ იქნება სავალდებულო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის;

კრეტის კრების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტებში არსებითად არ აისახა ეკლესიათა მიერ წარმოდგენილი საფუძვლიანი შენიშვნები. ამიტომაც აუცილებელია მათი შემდგომი გადამუშავება და გასწორება. არაა გამორიცხული ზოგიერთ შემთხვევაში ახალი დოკუმენტის შექმნაც. ამისთვის კი საჭიროა, კრეტის კრების სამდივნოს მიერ გამოგზავნილი და თარგმნილი ტექსტები ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ეკლესიის სასულიერო დასის, ღვთისმეტყველთა და მორწმუნე ერისათვის და მათი საფუძვლიანი შენიშვნების გათვალისწინებით, დოკუმენტებს მიეცეს მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური და კანონიკური სწავლების შესაბამისი სახე”, - ნათქვამია სინოდის სხდომის ოქმში. 

წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე გამართული კრება შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელოვანეს ეტაპად მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმიდა პანორთოდოქსული კრების ჩასატარებლად, რომელმაც აღნიშნულ მომავალ კრებაზე ხელი უნდა შეუწყოს ყველა საკითხის გატანას და გადაწყვეტილებების მიღებას საერთო მართლმადიდებლური ერთობითა და ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მაცხოვნებელ სწავლებაზე დაყრდნობით.

წმინდა სინოდი აცხადებს, რომ ამავე საკითხზე საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა დაადგინა, რომ შეიქმნას საღვთისმეტყველო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) თავმჯდომარე;
ბ) ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
გ) სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
დ) რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);
ე) მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე);
ვ) პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე).