მასმედიის საშუალებებით საეკლესიო საკითხებზე არაერთი ცილისმწამებლური სტატია გამოქვეყნდა, რომელთაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა, რასაც დაემატა სასულიერო პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული შეფასებები და ურთიერთბრალდებები, რამაც საზოგადოებაში სამართლიანი უარყოფითი განწყობა და გულისტკივილი გამოიწვია, - ამის შესახებ ნათქვამია 22 დეკემბერს გამართული წმინდა სინოდის სხდომის ოქმში, რომელიც საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
წმინდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებსა და მრევლს, რომ გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აჰყვნენ პროვოკაციებს.
”მოსმენილ იქნა ინფორმაცია ბოლო დროს მასმედიასა და სოციალურ ქსელში ეკლესიასთან მიმართებაში გავრცელებული სხვადასხვა სახის ტექსტებისა და ქადაგებების თაობაზე. წმინდა სინოდმა მიიღო შემდეგი მიმართვა: როგორც ადრე, ბოლო დროსაც, მასმედიის საშუალებებით საეკლესიო საკითხებზე არაერთი ცილისმწამებლური სტატია გამოქვეყნდა, რომელთაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. ამას დაემატა სასულიერო პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული შეფასებები და ურთიერთბრალდებები, რამაც საზოგადოებაში სამართლიანი უარყოფითი განწყობა და გულისტკივილი გამოიწვია. ისტორიის მანძილზე არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორი მწვავე დებატები იმართებოდა ამა თუ იმ საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს თემები ეხებოდა არა პირად ურთიერთობებს, არამედ დოგმატურ-სარწმუნოებრივ პრობლემებს. სარწმუნოებრივ საკითხებზე მწვავე კამათი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ასეთი თემებიც და სხვა საკითხებიც, პირველ რიგში, ეკლესიის წიაღში უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, რადგან მოქალაქეები რეალურად არსებულ ვითარებას ნაკლებად იცნობენ და ეს მათთვის შეიძლება გახდეს დაბრკოლების საგანი და ცოდვის მიზეზი. იმ ძალებს კი, რომლებიც ეკლესიის საზიანოდ შეგნებულად მოქმედებენ, სურთ, რომ დაძაბულობა საჯარო სივრცეში გაღრმავდეს და დაპირისპირების კერები გამრავლდეს. ამიტომაც მივმართავთ სასულიერო პირებს და მრევლს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აჰყვნენ პროვოკაციებს”, - ნათქვამია ოქმში.