თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქციებმა თედო კობახიძის მიერ იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დროებით დატოვების მოთხოვნა კვლავ დააყენეს.
თედო კობახიძესთან დაკავშირებულ საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კვლავ კამათი მოჰყვა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ არ დაესწრო გუშინ გამართულ ოპოზიციური ფრაქციების სხდომას თედო კობახიძე, რომელზეც მისი საკითხი იხილებოდა. სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თედო კობახიძე 20 დეკემბერიდან შვებულებაში იმყოფება, რაზეც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ამ ფაქტის შესახებ თედო კობახიძეს თუნდაც 23 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე უნდა ეთქვა.
საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ მოითხოვა, პროკურატურა დაინტერესდეს თედო კობახიძის საქმიანობით, კერძოდ, მის მიერ თანხების მიზნობრივი ხარჯვის საკითხით. ოპოზიციას უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძემ, რომელმაც უარყო საკრებულოში თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.
სხდომაზე ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ საკრებულოში დღეს დღის ბოლომდე შევა ოპოზიციური ფრაქციების ოფიციალური განაცხადი, შვიდი დღის ვადაში დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა თედო კობახიძისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით.
იურიდიული კომისიის 5 თანამშრომელი კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს.