ალექსანდრე ჯეჯელავა: „მე მიხარია, რომ ქართველ მეცნიერებს გაეხსნათ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გზა მათი ხარისხიანი სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციის დასაფინანსებლად“

ალექსანდრე ჯეჯელავა: „მე მიხარია, რომ ქართველ მეცნიერებს გაეხსნათ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გზა მათი ხარისხიანი სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციის დასაფინანსებლად“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითად მიმართულებებზე ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სისტემის ყველა მიმართულებაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეცნიერებაზე, რომელსაც მინისტრის აზრით, უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებისთვის, არამედ სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებისთვის. მინისტრი უზარმაზარ მიღწევად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებული ქვეყანაა და მიუხედავად მცირე  დროისა, კონკრეტული შედეგები უკვე არსებობს.

„ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ პირველივე წელს, სამმა მსხვილმა ქართულმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონსორციუმებში და საკუთარი სამეცნიერო პროექტების დაფინანსების მიმართულებით, ჯამში მილიონნახევარ ევროზე მეტი მიიღეს.

წელს, 2016 წელს, საქართველოს საწევრო, ჰორიზონტი 20-20- ში მონაწლეობისთვის სამი მილიონი ევროა, საიდანაც პროგრამის წესებით, ნახევარი  ჩვენ გვიბრუნდება  ისევ მეცნიერებაში ინვესტიციის მიზნით,  ხოლო მეორე ნახევარი, იყოჩაღეს ჩვენმა მეცნიერებმა და უკვე პირველ წელს, როდესაც ჯერ არ ვიცით ამ პროგრამასთან კარგად როგორ უნდა ვიმუშაოთ, ფაქტიურად, ინვესტიცია სრულად იქნა ამოღებული, რაც ძალიან სასიხარულოა“ - განაცხადა მინისტრმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერების მიმართულებით ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მინისტრი მიიჩნევს, რომ „ჰორიზონტი 20-20“-ის სახით ქართველ მეცნიერებს დაფინანსების ძალიან სერიოზული ალტერნატიული წყარო აქვთ და  შემდგომ წლებში ეს დაფინანსება კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება: 

„2017 წლებში შევეცდებით დაფინანსება გაორმაგდეს. ეს პრინციპული საკითხია, იმიტომ, რომ როდესაც ეკონომიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, არსებობს მაღალტექნოლოგიური და დაბალტექნოლოგიური ინოვაციები. თანამედროვე მსოფლიოს მოწინავე ბიზნესები მაღალტექნოლოგიურ ინოვაციებზეა აგებული და  ამიტომ, მეცნიერებას სჭირდება დაფინანსება. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი საკუთარი რესურსები ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა, მომავალში კიდევ უფრო მეტი ფულია ჩასადები ინოვაციებში. მე მიხარია, რომ ქართველ მეცნიერებს გაეხსნათ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გზა მათი ხარისხიანი სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციის დასაფინანსებლად“- განაცხადა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში ჰორიზონტი 2020” საქართველოს ასოცირების შეთანხმებას”, ბრიუსელში ხელი 2015 წლის 22 დეკემბერს მოეწერა, რითაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალი, ისტორიული მნიშვნელობის ეტაპი დაიწყო.

„ჰორიზონტი 2020“ ეს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რომელი თანხაც 7 წლის განმავლობაში (2014-2020) სხვადასხვა სფეროებისთვისაა განკუთვნილი. გრანტების სახით ის მოხმარდება სამეცნიერო, კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა და ინოვაციებს. პროგრამის მისიაა, ხელი შეუწყოს მოწინავე მეცნიერების განვითარებას და კვლევისა და ინოვაციების გზით, გადაჭრას საზოგადოებრივი და ინდუსტრიული გამოწვევები.

„ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს მასში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ევროპელი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, ეს არის ინვესტიცია საერთო ევროპული მომავლისათვის, ამიტომ „ჰორიზონტი 2020“-ს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

ამ პროგრამაში გაწევრიანებით, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას ევროპული იდეალებისადმი, რომ მეცნიერება, ინოვაცია და ტექნოლოგიური განვითარება ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია, საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, რომელიც მოწოდებულია ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და განავითაროს ადამიანური კაპიტალი.

„ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებს და ინოვატორებს, ასევე, საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირებს (უნივერსიტეტები, კვლევითი დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მცირე და საშუალო საწარმოები, ბიზინეს კომპანიები, ფონდები, სამთავრობო დაწესებულებები და ა.შ.) საშუალება აქვთ იგივე პირობებით, სტატუსითა და უფლებებით ისარგებლონ, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. საქართველოს მონაწილეებს უფლება ექნებათ უხელმძღვანელონ და კოორდინირება გაუწიონ „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ ერთობლივ პროექტებს. მეტიც,  კონკურსებში წარმატების შემთხვევაში, საქართველოს მკვლევრებსა და ინოვატორებს შეეძლებათ მოიზიდონ ასი ათასობით ევრო, განახორციელონ კვლევები საქართველოში, ხორცი შეასხან სამეცნიერო და ინოვაციურ იდეებს და გააძლიერონ კვლევითი ცენტრები.