ზურაბ ჭიაბერაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო უკვე დაიმორჩილა ბიძინა ივანიშვილმა და ერთით მეტი წევრის დამატება არაფერს ცვლის

ზურაბ ჭიაბერაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო უკვე დაიმორჩილა ბიძინა ივანიშვილმა და ერთით მეტი წევრის დამატება არაფერს ცვლის

საკონსტიტუციო სასამართლო უკვე დაიმორჩილა ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომ მას ერთით მეტი წევრი დაემატება თუ გამოაკლდება, არსებითად არაფერს ცვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მანანა კობახიძის კანდიდატურის შესაძლო წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, თუკი ასეთი დანიშვნა განხორციელდება, ეს იქნება კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ „დღეს საკონსტიტუციო სასამართლო არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლო“.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, შესაძლოა, მანანა კობახიძის კანდიდატურა წარადგინოს. ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები პირად საუბრებში არ გამორიცხავენ, რომ კობახიძის კანდიდატურა განხილვის თემა იქნება, თუმცა როგორც აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ღია კომენტარის გაკეთებისგანაც ჯერჯერობით თავს იკავებენ. კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს თავად კობახიძეც. 

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს, სექტემბრიდან ვაკანტურია. წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრისით ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს.

პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.