სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი თანამშრომლები აპირებენ სასამართლოს მიმართონ, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილმა თანამშრომლმა შოთა მათითაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”21 დეკემბერს, დაახლოებით 100 თანამშრომლამდე გამუშვეს მარტო აღმოსავლეთ ბატალიონიდან, ხოლო დასავლეთ ბატალიონში 40 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის განცხადებით, ეს შეეხო მხოლოდ სამოქალაქო პირებს და ამას ოპტიმიზაცია დაარქვეს, მაგრამ ჩვენთან, სამოქალაქო პირებთან ერთად გაათავისუფლეს პოლიციის ოფიცრები და სამხედრო ოფიცრები. ეს იმას დააბრალეს, რომ გაბერილი შტატები იყო”, - განაცხადა მათითაიშვილმა.
მისივე თქმით, მათ ადგილებზე უკვე დაიწყეს სხვა კადრების დანიშვნა.
”ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ აღგვადგინონ სამსახურებში, ან რამე ალტერნატივა შემოგვთავაზონ. ჩვენ უნდა მივმართოთ სასამართლოს და შემდეგ გადავწყვეტთ რა და როგორ იქნება”, - განაცხადა მათითაიშვილმა.
როგორც მან განმარტა, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს ყველაზე ცოტა 3 თვით ადრე უნდა შეატყობინონ, ხოლო მათ შემთხვევაში ასე არ მოხდა.
”6-7 დეკემბერს საღამოს დაგვირეკეს სამსახურიდან, თქვენი შტატები უქმდება და დაელოდეთ, რომ გათავისუფლებული იქნებით სამსახურიდანო. 21 დეკემბერს კი, გამოგვიცხადეს, რომ გათავისუფლებულები ვართ”, - განაცხადა მათითაიშვილმა.
მისი განცხადებით, მათთვის ალტერნატივა უნდა შეეთავაზებინათ.
”გათავისუფლებულებისგან ზოგს ცოლი ჰყავს დაღუპული, მე ცოლი მყავს ცუდად, 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული ხერხემალზე, ზოგს 6 ბავშვი ჰყავს. ჩვენ სად უნდა წავიდეთ სხვაგან?” - განაცხადა მათითაიშვილმა.