სავარაუდოდ, თებერვალში დავით უსუფაშვილისა და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრების ნაწილის მონაწილეობით ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის შესახებ განცხადება გაკეთდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილმა წევრმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
”ინტრეპრესნიუსის” შეკითხვაზე, თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვთ დავით უსუფაშვილსა და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილ წევრებს, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს პარტია, ხმალაძემ ასეთი პასუხი გასცა: ”სავარაუდოდ, თებერვალში ამის თაობაზე გაკეთდება განცხადება”. შეკითხვაზე, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია თუ არა დავასკვნათ,რომ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნება, ვახტანგ ხმალაძის თქმით, ”ამის ალბათობა არის”. მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ ერთობაში მოიზარებიან, როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრები, ასევე სხვებიც.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ვიდრე საკონსტიტუციო კომისიის წევრია, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი ამავე მიზეზებით არ შევიდა საკონსტიტუციო კომისიაში, თუმცა განაცხადა, რომ ის აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან, ოღონდ არა როგორც კომისიის წევრი.