საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67 პროცენტი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, ცვლილებების შემდეგ კი ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება. ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა დასავლეთ საქართველოში სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა. ჩაჩიბაიას თქმით, გამონთავისუფლებული სახსრები სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება. რეფორმის უმთავრეს მიზანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება წარმოადგენს.
ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, ოპტიმიზაცია სამხედრო მოსამსახურეების რიცხოვნობაზე არ აისახება. მისივე განცხადებით, ძირითადად, რეორგანიზაციის ფარგლებში ოპტიმიზაცია უწყებაში სამოქალაქო პერსონალს შეეხება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის მიზნით, გენერალური შტაბის უფროსი დასავლეთ სარდლობის ყველა სამხედრო ქვედანაყოფს ესტუმრება და მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.