ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის რუსეთთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლას უკავშირდებოდა.
მისივე განმარტებით, არსებობს მკაფიო "წითელი ხაზები" და საქართველოს პოლიტიკას ამ საკითხზე მხარს უჭერენ დასავლელი პარტნიორები.
"გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები, გვაქვს ძალიან მკაფიო პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეს მიმართულება იქნება შენარჩუნებული, ეს არის ძალიან მკაცრი პოზიცია ამ საკითხზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უვიზო მიმოსვლის საკითხზე ვლადიმერ პუტინმა განცხადება გუშინ გააკეთა.