მე იმედს ვიტოვებ და ჩვენ ყველანი საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომ პრეზიდენტი მაინც გადახედავს თავის დამოკიდებულებას, რადგან ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ის იყოს წარმოდგენილი ამ კომისიაში, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მანანა კობახიძემ პრეზიდენტის საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განმარტებით, კომისიამ თავისი მუშაობით უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და გამოასწოროს ხარვეზები, რაც არსებობს ქვეყნის ძირითად კანონში.
"ვფიქრობ, ჯგუფის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის დასმა არასწორია. სრულიად ლეგიტიმურად შეიქმნა საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან კარგი თუკი პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის, თავისი საპარლამენტო მდივნის მეშვეობით უშუალოდ მიიღებდა მონაწილეობას კომისიის მუშაობაში და თავის პოზიციებს სწორედ მათი მეშვეობით წარმოადგენდა", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, კომისიაში მუშაობის ფარგლებში ის სავარაუდოდ, იმუშავებს სამართლებრივ თემებზე, მათ შორის, სასამართლოს, პროკურატურის, ადამიანის უფლებების, საკონსტიტუციო სასამართლოს კუთხით.