ნავთობის გუბეში აღმოჩენილი ცხოველის გამო, დასავლეთში კამპანიას აჩაღებენ, ხმელთაშუა ზღვაში 6 ათასამდე ადამიანის დაღუპვას კი, რეაქცია არ მოჰყოლია

ნავთობის გუბეში აღმოჩენილი ცხოველის გამო, დასავლეთში კამპანიას აჩაღებენ, ხმელთაშუა ზღვაში 6 ათასამდე ადამიანის დაღუპვას კი, რეაქცია არ მოჰყოლია

თურქეთი არ დაუშვებს ახალი სახელმწიფოს შექმნას სირიის ჩრდილოეთით, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში საგარეო ეკონომიკის კავშირების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნულის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ანკარა თავიდანვე მხარს უჭერდა სირიაში ტერორისტული ორგანიზაციებისგან თავისუფალი ზონის შექმნას.

„თუ ვერ შევძლებთ „უსაფრთხო ზონის“ შექმნას, მაშინ სირიასთან მოსაზღვრე პროვინციებთან მიმართებაში საფრთხეები შენარჩუნდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის პოზიცია, რომელიც არ ასრულებს დანაპირებს თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილებისთვის თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირში შეგვპირდნენ, რომ უკვე 1-ელი ივლისისთვის ლტოლვილების მხარდაჭერისთვის გამოყოფდნენ 3 მილიარდ ევროს, ხოლო დღეის მდგომარეობით გამოყოფილია მხოლოდ 677 მილიონი ევრო. ეს თანხები არა თურქეთს გამოეყოფა, არამედ ლტოლვილებს. სად არის ეს თანხა? რატომ არ გამოყოფენ? ყველაფერი მარტივია - ევროკავშირში არ ფიქრობენ ჰუმანიზმზე და ხალხის ინტერესებზე. ამაზე მხოლოდ თურქეთი ზრუნავს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, როდესაც საუბარი მიდის ნავთობის გუბეში აღმოჩენილ ცხოველზე დასავლეთში კამპანიებს აჩაღებენ, ხოლო იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს, ხმელთაშუა ზღვაში დაახლოებით 6 ათასი ადამიანი დაიღუპა, ამას დასავლეთში არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.