ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს

პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს.

კობახიძის თქმით, კონსტიტუციის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ამ თვეების განმავლობაში იქნება, რათა საბოლოო რედაქცია საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის მისაღები იყოს.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართული არ არის და იმედი გამოთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.

„არის ყბადაღებული თემა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, ნეგატიურად აღიქმება. ზოგადად, კონსტიტუციული ცვლილებები ნეგატიურად აღიქმება საზოგადოებაში და მნიშვმნელოვანია, რომ ამ კუთხითაც ვიმუშაოთ, ტრადიცია შევცვალოთ და სწორი მიმართულებით წარვმართოთ პროცესები. თან უნდა შევიტანოთ ისეთი ფუნდამენტური პრინციპები კონსტიტუციაში, რომელიც გაუძლებს დროს და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის ყველა მონაწილეს პროცესში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა.

სასტუმრო „რედისონში“ საკონსტიტუციო კომისია პირველ სხდომას მართავს.