გენადი არველაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

გენადი არველაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და  ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ციპი ხოტოველმა შეხვედრაზე, რომელიც 23 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

გენადი არველაძემ ისრაელის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია  საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მან ასევე ისაუბრა საინვესტიციო პროექტების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ დადებით ტენდენციებზე, რომელსაც საქართველოსა და ისრაელს შორის 2014 წლიდან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2015 წელს ისრაელიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 11 თვეში კი ამ მაჩვენებელმა 59%-ით მოიმატა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთან სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ და განიხილა შესაძლებლობა აღნიშნულ სექტორებში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.

ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და საექსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის შესაძლო გამართვის საკითხი. გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული კომისიის სხდომის გამართვა მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების მიზნით.