პოლ რაიანი - რესპუბლიკური მთავრობა იმუშავებს, რათა აღადგინოს ჩვენი ალიანსი ისრაელთან

პოლ რაიანი - რესპუბლიკური მთავრობა იმუშავებს, რათა აღადგინოს ჩვენი ალიანსი ისრაელთან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი ობამას ადმინისტრაციის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ანტიისრაელურ რეზოლუციაზე ვეტოს დადებაზე უარის თქმას გამოეხმაურა.

„ეს აბსოლუტურად სამარცხვინოა. ეს კენჭისყრა სერიოზული დარტყმაა მშვიდობისთვის და სახიფათო პრეცედენტს ქმნის შემდგომი დიპლომატიური ძალისხმევისთვის მოხდეს ისრაელის იზოლირება და დემონიზირება. ჩვენი რესპუბლიკური მთავრობა იმუშავებს, რათა უკუაგდოს დღევანდელი ადმინისტრაციის მიერ მიყენებული ზიანი და აღადგინოს ჩვენი ალიანსი ისრაელთან“, - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოლ რაიანის განცხადებაში. 

გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტა მოსთხოვა. შესაბამისი რეზოლუცია გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას აშშ-მა თავი შეიკავა და ვეტო არ დაადო აღნიშნულ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ითხოვდა, რომ ეს დოკუმენტი არ მიეღოთ. 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას. რეზოლუცია ისრაელისგან მოითხოვს „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას“.