დონალდ ტრამპი - გაერო-სთან დაკავშირებით ყველაფერი შეიცვლება

დონალდ ტრამპი - გაერო-სთან დაკავშირებით ყველაფერი შეიცვლება

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდა, განაცხადა, რომ მისი ინაუგურაციის შემდეგ „გაერო-სთან დაკავშირებით ყველაფერი შეიცვლება“.

„რაც შეეხება გაერო-ს, ყველაფერი შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ“, - დაწერა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე. 

აღსანიშნავია, რომ სამშაბათს დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობას აღნიშნულ რეზოლუციაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა. 

„როგორც აშშ-მა არაერთხელ განაცხადა, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობა მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით მიიღწევა და არა გაერო-ს მიერ პირობების დაწესებით. მოლაპარაკებების კუთხით ეს ისრაელს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს და უკიდურესად უსამართლოა ყველა ისრაელელის მიმართ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტა მოსთხოვა. შესაბამისი რეზოლუცია გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას აშშ-მა თავი შეიკავა და ვეტო არ დაადო აღნიშნულ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ითხოვდა, რომ ეს დოკუმენტი არ მიეღოთ. 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას. რეზოლუცია ისრაელისგან მოითხოვს „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას“.