ჯონ ჰერბსტი - რუსეთის მოქმედებები ალეპოში ტერორიზმის ფორმა იყო

ჯონ ჰერბსტი - რუსეთის მოქმედებები ალეპოში ტერორიზმის ფორმა იყო

ამერიკელი დიპლომატის, აშშ-ის ყოფილი ელჩის უკრაინასა და უზბეკეთში, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორის ჯონ ჰერბსტის განცხადებით, რუსეთის მოქმედებები ალეპოში ტერორიზმის ფორმა იყო.
ამის შესახებ ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა. 

„რუსეთს და თურქეთს სირიის საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დათბობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთს სამხედრო შვეულმფრენის ჩამოგდებისთვის მოუბოდიშა. ახლა ურთიერთობების გამწვავება არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ არის. მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთმა განაცხადა, რომ მის ინტერესში არ შედის სხვა ქვეყნის ლიდერის მოშორება. ეს სიახლეა. აქამდე, ერდოღანი ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს უჭერდა მხარს“, - განაცხადა ჯონ ჰერბსტმა.

მოსკოვში სირიაზე სასაუბროდ სამი ქვეყნის წარმომადგენლის შეკრებაზე, თურქეთმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის ლიდერის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თავიდან მოშორება მათი საქმე არ არის. დიპლომატი და ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ ეს თურქეთის ბოლო წლების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რადგან „კონფლიქტის დაწყებიდანვე, თურქეთი სწორედ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლებს უჭერდა მხარს.“
ჰერბსტის თქმით, ახლა მთავარ კითხვად რჩება - როგორ მოიქცევა ერდოღანის თურქეთი და შეცვლის თუ არა ის სირიის პოლიტიკას. 

„არავისთვისაა საიდუმლო, რომ პუტინს სირიაში თავისი ინტერესები აქვს და აქამდე წარმატებულადაც. თუ პუტინი ერდოღანის დარწმუნებას შეძლებს და ისინი ასადის მხარდასაჭერად გაერთიანდებიან, რაც კრემლის ინტერესშია. რეგიონის პოლიტიკისთვის ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება“, - განაცხადა ჯონ ჰერბსტმა.

კითხვაზე, უნდა ველოდეთ თუ არა რუსეთისგან ტერორიზმის სახელით რეგიონში მეტ სამხედრო ჩართულობას, ჰერბსტი გვპასუხობს, რომ სირიაში რუსეთის კამპანია, თავისთავად, ტერორიზმის ფორმა იყო.

„მოსკოვს ექსტრემისტების წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებია. ის ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი არ არის. ვფიქრობ, ალეპოში რუსეთის საჰაერო კამპანიას ტერორიზმი ვუწოდოთ. მე არ მჯერა, რომ მოსკოვს ანტიტერორისტული განზრახვები ჰქონდეს. მოსკოვი ასადს ალეპოს აღებაში სრულიად ბარბაროსული მეთოდებით ეხმარებოდა. ალეპოს დაცემა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს ნათელი ნიშანია რუსეთის მფარველობის ქვეშ ასადის რეჟიმის ხელახალი აღმავლობისა“, - განაცხადა ჯონ ჰერბსტმა.
მას უჭირს სირიის მომავალზე საუბარი. მისი თქმით, სირიაში რუსეთის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეერთებული შტატების არაეფექტურობაა.
ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს, სირიასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკა არ წარმოუდგენია, მაგრამ მან ახსენა, რომ ექსტრემიზმის, მათ შორის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად რუსეთთან ითანამშრომლებს. ამის მიუხედავად, ჰერბსტი სკეპტიკურადაა განწყობილი ერთი მხრივ, ტრამპის ექსპერტიზაში და მეორე მხრივ, ამერიკა-რუსეთის შესაძლო თანამშრომლობის შესაძლებლობაში.

„ტრამპის განცხადებებში არ ჩანს იმის ცოდნა, რომ რუსეთს ექსტრემისტი ისლამისტების წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებია. თუ ტრამპი პუტინს ეტყვის, რომ მას არაფერი აქვს ასადის საწინააღმდეგო და ამის საპასუხოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებაზე შეთანხმდებიან, შეიძლება თანამშრომლობა შედგეს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ტრამპი პუტინს აძლევს იმას, რაც პუტინს სჭირდება, რაც დიდი ძალისთვის კარგი არ არის“, - დასძენს ჰერბსტი.
ვაშინგტონში ბევრი ექსპერტისგან განსხვავებით, ჰერბსტი ადამიანების იმ მცირე ჯგუფშია, რომელიც ობამას მიერ სირიელი ოპოზიციისთვის თავშეკავებულ მხარდაჭერას ემხრობოდა, რადგან, მისი თქმით, ოპოზიციური ძალები „სუსტები იყვნენ და მათ სანდოობასთან დაკავშირებით ჩნდებოდა კითხვები“. თუმცა ჰერბსტი შეცდომად მიიჩნევს პრეზიდენტ ობამას ორ გადაწყვეტილებას.

„არასწორი იყო, როცა კონფლიქტის დასაწყისში ობამამ განაცხადა, რომ ასადი უნდა წავიდეს. ასევე, შეცდომა იყო მისი მხრიდან „წითელი ხაზების“ გავლება და შემდეგ ამ ხაზების გადაკვეთაზე უმოქმედობა“, - განაცხადა ჯონ ჰერბსტმა.

ჰერბსტის აზრით, შეერთებულ შტატებს მოკავშირეებთან ერთად სირიელი დევნილებისთვის „უსაფრთხო თავშესაფრის“ შექმნა სირიაშივე შეეძლოთ, სადაც საჰაერო სივრცეს ამერიკის საჰაერო ძალები, ხმელეთზე კი კოალიციის სამხედროები დაიცავდნენ. „მოკავშირეების სამხედროები კი ადგილზე მშვიდობის გარანტია იქნებოდნენ, ამით თავიდან იმ ლტოლვილების ნაკადსაც ავიცილებდით, რამაც ევროპაში ამდენი პრობლემა გამოიწვია.