სისტემის განვითარებისთვის ყველაზე კარგია თუ იქნება პატარა დაწესებულებები და არა ისეთი როგორიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა ”პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში ”ჩემი კითხვა” ციხეებში პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით განაცხადა.
”სისტემის განვითარებისთვის ყველაზე კარგია თუ იქნება პატარა დაწესებულებები და არა ისეთი როგორიც ჩვენ გვაქვს, სადაც 2700 კაცი იხდის სასჯელს ან სადაც 2000 კაცი იხდის სასჯელს ღია დაწესებულებაში. არ არის მიღებული ამხელა დაწესებულებები, თუნდაც მენეჯმენტის კუთხით, 2700 ადამიანი მარტო პატიმარი, იმას კიდევ თანამშრომელი ემატება, თითქმის ცალკე სტრუქტურაა, ამდენად რთულია მისი მართვა. მართვის ყველაზე ეფექტური მექანიზმი, მოდელები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ საზღვარგარეთ არის 400-დან 500 კაცამდე ციხეები, სადაც უკვე ბევრად ადვილია მენეჯმენტი. ეს საკითხი განხილული შეიძლება იყოს ხვალაც, მაგრამ ამ საკითხის განხილვას კიდევ უკავშირდება სერიოზული ფინანსები” - აღნიშნა კახიშვილმა.
მისი თქმით, გლდანის დაწესებულება არ შედის იმ სტანდარტებში, რომელიც ევროპაშია დადგენილი.
”გლდანის დაწესებულება არ შედის იმ სტანდარტებში, რომელიც ევროპაშია დადგენილი. არ შეიძლება პატიმრის შესახლება დაწესებულებაში ისე, რომ ფანჯრებიდან სხვა პატიმრებმა ნახონ კონკრეტულად ვინ შემოყავთ; ეს პრობლემა იყო, ჩვენ კი შევქმენით ზედა კორიდორი და გადავფარეთ, რომ არ ჩანდეს ვინ სახლდება”, - განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, მოვა დრო, როდესაც გუშაგებს ელექტრონული სიგნალიზაცია ჩაანაცვლებს.