რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ოქსანა სევასტიდის საქმეს გამოეხმაურა, რომელსაც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სისხლის სამართლის დევნის მიზეზი 2008 წელს, მის მიერ განხორციელებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები გახდა, რომელიც მან საქართველოსთან ომამდე ცოტა ხნით ადრე გააგზავნა. ოქსანა სევასტიდმა თავის ქართველ მეგობარს მისწერა, რომ სოჭში სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი ნახა, რომელიც აფხაზეთისკენ მიემართებოდა.
„რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებას, ჩემთვის რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება, ვინაიდან სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრი მიდგომაა. დეტალებს არ ვფლობ. როგორც ვიცი, მან რაღაც დაწერა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იმის შესახებ, რაც დაინახა, რაც ყველამ დაინახა. შესაბამისად, ეს არ წარმოადგენდა რამე საიდუმლოს. შევეცდები გავერკვე ამ საქმის დეტალებში“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.