ფეთჰულა გიულენმა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა სხვა მკვლელობებსაც მოძრაობა “ჰიზმეთს” მიაწერს.
ამერიკულ სააგენტო Associated Press-ისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში გიულენი ამბობს, რომ ″მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ″.
″შესაძლოა, თურქეთის მთავრობამ სხვა მკვლელობებს საფუძველი მოუმზადოს და ბრალი მოძრაობა “ჰიზმეთს” დასდოს. მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ”, - განაცხადა გიულენმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის მთავრობის განცხადებით, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელი პოლიციის ოფიცერი მევლუთ მერტ ალტინტაში გიულენის მოძრაობის წევრია, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ ვინ დგას თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან.