ნატო შეეცდება დაარწმუნოს რუსეთი, რომ ბალტიისპირეთსა და პოლონეთში შეიარაღებული ძალების განლაგება თავდაცვის მიზნებისთვის განხორციელდება

ნატო შეეცდება დაარწმუნოს რუსეთი, რომ ბალტიისპირეთსა და პოლონეთში შეიარაღებული ძალების განლაგება თავდაცვის მიზნებისთვის განხორციელდება

დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, ნატო შეეცდება დაარწმუნოს რუსეთი, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილი შეიარაღებული ძალების განლაგება ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის განხორციელდება, - იუწყება სააგენტო Reuters-ი.

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობას ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები და რუსი დიპლომატები მიიღებენ. აღნიშნული შეხვედრა მესამედ ტარდება 2016 წლის განმავლობაში.

რუსეთი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაზრდით მის საზღვრებთან.

„იმედია, გულწრფელი დისკუსია გვექნება ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით. მათ შორის, აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს სამხედრო გაძლიერების შედეგებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნატო-ში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრე გრუშკომ.

ნატო-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ რაიმე სახის გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია, მითუმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ალიანსი ელოდება აშშ-ში დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას.

„ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ წავიკითხოთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განზრახვები. არსებობს იმის ვარაუდი, რომ პოლიტიკა სრულად შეიცვალოს“, - განაცხადა დიპლომატმა.