ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ დაუშვა ევროკავშირისა და რუსეთის თანამშრომლობა აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტისთვის დონალდ ტრამპისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. აღნიშნულის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ ამერიკულ გამოცემა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
მოგერინის აზრით, რუსეთს და ევროკავშირს შეუძლიათ ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიონ ისეთ საკითხებში როგორიც არის ირანთან ბირთვული შეთანხმების გაწყვეტა, გაერო-ს როლის შესუსტება ან ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკის „შერყევა“.
„თქვენ აღმოაჩენთ საკითხებს, სადაც არ გამიკვირდებოდა თუ ევროპელებსა და რუსებს ერთი პოზიცია ექნებათ. ეს არის ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება, სამშვიდობო პროცესი ახლო აღმოსავლეთში და გაერო-ს შესაძლო როლი“, - აღნიშნა მოგერინიმ.
მან სკეპტიციზმი გამოთქვა, რომ აშშ გარიგებას დადებს რუსეთთან ისეთ საკითხებზე როგორიც არის უკრაინა და სირია, ევროპელების გვერდზე დატოვების გზით. მოგერინის განცხადებით, რესპუბლიკელი კანონმდებლები „შესაძლოა უფრო შეშფოთებულნი იყვნენ, ვიდრე ევროპელები“ ტრამპის გეგმებით გააუმჯობესოს ურთიერთობები პუტინთან.
მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებას აპირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ორშაბათს იქნება მიღებული. მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, ევროკავშირი გააგრძელებს ეკონომიკური შეზღუდვების მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებას.
„ევროპის გადაწყვეტილება არ უკავშირდება ვაშინგტონში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა მოგერინიმ.