პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს, ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და გიორგი მარგველაშვილი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.
როგორც ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი ამ საქმეს დეტალურად იცნობს და გუშინდელ შეხვედრაზე ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებისგან და მსჯავრდებულების ადვოკატისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღო.
”პრეზიდენტი დღის განმავლობაში მართავს ძალიან ბევრ შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან იქნება თუ საზოგადოების. განხილვის თემა სხვადასხვაა მიმდინარე პოლიტიკური საკითხებისა თუ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების სახით. გუშინაც გაიმართა ასეთი შეხვედრა ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ამავე დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად პრეზიდენტი ყოველთვის დიდი ყურადღებით აკვირდებოდა ე.წ. კაბელების საქმეს - დასაწყისიდან ამ დრომდე. გუშინდელ შეხვედრაზე იყო ამ საქმის ადვოკატიც, რათა პრეზიდენტი დეტალურად ჩაეყენებინა საქმის კურსში საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. საზოგადოებას აინტერესებს, რას აპირებს პრეზიდენტი ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის პრეზიდენტის აბსოლუტურად ექსკლუზიური უფლება. ის თავად მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ის თავიდან ბოლომდე საქმის კურსშია და კიდევ დამატებითი ინფორმაცია მიიღო ამ საქმესთან დაკავშირებით”, - განაცხადა ჩიხრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით „თავისუფალ დემოკრატებსა“ და დაკავებულთა ადვოკატებს გუშინ შეხვდა.