დღეს ჩვენ გამანადგურებელი სამოქალაქო ომი გვაქვს სირიაში, მაგრამ ასევე გვქონდა ომები, როდესაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა, - განაცხადა ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდას ზატლერსმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიულ დისკუსიაზე.
ლატვიის ყოფილმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი რუსეთი გაცილებით აგრესიულია, ვიდრე საბჭოთა კავშირი.
„ჩვენ გაურკვევლობის ეპოქაში ვცხოვრობთ. არ ვიცით რა მოხდება მომდევნო კვირას, არაფერს ვამბობ იმაზე თუ რა მოხდება მომდევნო წელს. იცით, კომუნისტური საბჭოთა კავშირი ომობდა ყოველ 12 წელს, ხოლო დღევანდელი რუსეთი ყოველ 6 წელს. ჩეჩნეთის პირველი და მეორე კამპანიები, საქართველო, უკრაინა. ყირიმის შემდეგაც მუდმივად საომარი მოქმედებების სიტუაციაში იმყოფება რუსეთი, იქნება ეს აღმოსავლეთ უკრაინაში თუ სირიაში. დღეს რუსეთის მმართველები ომზე როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაზე საუბრობენ. მათთვის კარგია საომარ მდგომარეობაში ყოფნა, ამით ისინი გვეუბნებიან, ნახეთ როგორი გმირები ვართ, როგორი ძლიერები ვართ. ჩვენ ვხედავთ ძალიან თავხედ და აგრესიულ საგარეო პოლიტიკას რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ვალდას ზატლერსმა.
მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების სტაბილური და მშვიდობიანი გარემოსთვის ერთადერთ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
ლატვიის ყოფილი ლიდერი საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებსაც შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ დღეს საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.
„საქართველომ უნდა გააგრძელოს წვრთნა, თავისი შესაძლებლობების გაუმჯობესება. საქართველომ ნატო-სთან ყოველდღიურად უნდა ითანამშრომლოს, რათა ნატო-ში წევრობისთვის მზად იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“, - დასძინა ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა.