კომპანია Yahoo ვარაუდობს, რომ ჰაკერებმა 1 მილიარდი მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს

კომპანია Yahoo ვარაუდობს, რომ ჰაკერებმა 1 მილიარდი მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს

ამერიკული ინტერნეტკომპანია Yahoo აცხადებს, რომ 2013 წლის აგვისტოში კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებს შესაძლოა 1 მილიარდზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები ჩაუვარდათ ხელში. კომპანია ვარაუდობს, რომ უცნობმა პირებმა მოიპოვეს ინტერნეტ-მომხმარებლების სახელების, დაბადების თარიღების, მათი ტელეფონის ნომრების, ელექტრონული მისამართებისა და პაროლების მონაცემები.

ამასთან, Yahoo აღნიშნავს, რომ ჰაკერებს არ გაუტეხიათ ის სისტემა, სადაც საკრედიტო ბარათებისა და საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია ინახება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კომპანიამ მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის შესახებ სექტემბერშიც განაცხადა. მაშინ Yahoo-მ განაცხადა, რომ კიბერშეტევა 2014 წელს განხორციელდა, რა დროსაც მოიპარეს 400 მილიონი მომხმარებლის მონაცემები. როგორც კომპანიაში სექტემბერში ვაარუდობდნენ, ჰაკერული თავდასხმის უკან ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობა დგას, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რომელი.

ამჯერად ინტერნეტ-კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ორი მასშტაბური კიბერთავდასხმა ერთმანეთთან სავარაუდოდ დაკავშირებული არ არის.

1995 წელს დაარსებული კომპანია Yahoo მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საძიებო სისტემაა.