კახა კალაძემ და

კახა კალაძემ და "ანადოლუ ჯგუფის" დამფუძნებელმა "ხელედულა-3"-ის მშენებლობაზე მემორანდუმი გააფორმეს

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და "ანადოლუ ჯგუფის" დამფუძნებელმა თუღბან იზზეთ აქსოიმ "ხელედულა-3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება იგეგმება საქართველოს მთავრობასთან 2015 წლის მაისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

"მემორანდუმის თანახმად, კომპანიას ეკისრება ვალდებულება, გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში, ძირითადად ზამთრის თვეებში, რეალიზებული იქნეს ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელება გარკვეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანის გადაჭრაში, რაც გულისხმობს საკუთარი ჰიდრორესურსებით ქვეყანაში არსებული მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას ეტაპოვრივად: ჯერ იმპორტის, შემდეგ კი თბოგენერაციის ჩანაცვლებით, ასევე, ახლად აშენებული და არსებული ჰესების მიერ გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას.

"ხელედულა-3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.