გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზურნველყოფის საბოლოო მიზანი ნატო-ს წევრად გახდომაა

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზურნველყოფის საბოლოო მიზანი ნატო-ს წევრად გახდომაა

დღეს თანამედროვე მსოფლიო მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა დაძლევაც მხოლოდ თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია გახსნა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს სამუშაო ფორმატის შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდის ერთმანეთს გაუზიარონ ხედვები, გამოცდილება, მოსაზრებები და შეიმუშავონ რეკომენდაციები საქართველოსა და და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. 

პრეზიდენტის თქმით, საქართველო და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რამდენიმე პრინციპულ პოსტულატს ეფუძნება. 

”პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აირჩია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა. ეს არის არჩევანი თავისუფალი ხალხისა, რომ იცხოვროს თავისუფალ საზოგადოებაში და ბუნებრივია, ამ სურვილის ყველაზე ადეკვატური განხორციელება სწორედ ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური მოწყობა და მისი ამ პროცესის მუდმივი გაღრმავებაა.

დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება და ჩვენი კულტურული ფესვები განაპირობებს იმას, რომ გეოპოლიტიკურად ჩვენი სახელმწიფო დაუკავშირდა ევროატლანტიკურ სივრცეს, ხოლო პოლიტიკური მისწრაფებები ნათლად ჩამოყალიბდა, როგორც მისწრაფება ევროკავშირის და ნატო-ს მიმართულებით.
ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ნატო-სთან თანამშრომლობით გამოიხატა საერთაშორისო მისიებში ჩვენი ერთობლივი ჩართულობით, წვრთნისა და პარტნიორებთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების თვალსაზრისით პროგრამების განმტკიცებითა და გაღმავებით და ეს განუხრელად გრძელდება. 
შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზურნველყოფის საბოლოო მიზანი ნატო-ს წევრად გახდომაა. აქაც ჩვენ ლოგიკურად ვხედავთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთიან სივრცეში იმ ქვეყნებთან, ვინც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და ამავე დროს ვიქნებით ყველაზე დაცული და ყველაზე ეფექტური თავდაცვის და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი.

მაგრამ მანამ, სანამ ეს მიზანი განხორციელდება, ჩვენ სტრატეგიულად მიმართული ვართ იმ შესაძლებლობათა ფანჯრის ძიების მომენტისაკენ, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გავწევრიანდეთ ნატო-ში, თუმცა ამ მომენტამდე ბუნებრივია, რომ მიზნად რჩება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაღრმავება და გაძლიერება. ამ თვალსაზრისით ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ შეირაღებულ ძალებზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ სამხედრო კომპონენტზე თავდაცვისუნარიანობის, არამედ ვსაუბრობთ მთალიანად საზოგადოების, სახელმწიფოს, ქვეყნის მზაობაზე, დაიცვას თავისი თავი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.