საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ფრანსუა პეჰშო აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტში ასახულია მთავრობის განზრახვა, უზრუნველყოს ქვეყანის ფისკალური მდგრადობა.
მისვე თქმით, შემოსავლების მობილიზაციის ღონისძიებების შედეგად ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით, 700 მილიონი ლარით გაიზრდება.
„ბიუჯეტში ასახულია მთავრობის განზრახვა, უზრუნველყოს ქვეყანის ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში, რის საფუძველიც იქნება ფისკალური დეფიციტის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები. შემოსავლების მობილიზაციის ღონისძიებების შედეგად, ჩვენი შეფასებით, ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით. მნიშვნელოვან ცვლილებას ვხედავთ ხარჯების ნაწილშიც, სადაც აქცენტი გადატანილია მიმდინარე ხარჯებიდან კაპიტალურ ხარჯებზე. ასევე, მისასალმებელია მთავრობის განზრახვა, გაზარდოს საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობა დანახარჯების შემცირების პირობებში. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა შეძლებს, დაგეგმილი სცენარით შეასრულოს 2017 წლის ბიუჯეტი და შეამციროს დეფიციტი“,-აღნიშნა ფრანსუა პეჰშომ.