საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე პოლიტიკურ პარტიებს და აქტივისტებს მიმართავს, ნარკოპოლიტიკის საკითხი მსჯელობის რეჟიმში გადავიდეს.
როგორც კობერიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ჯანდაცვის კომიტეტი მზად არის, რომ აღნიშნულ საკითხზე ღია განხილვები გაიმართოს.
”რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის თემას. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, ნუ გავხდით ამ საკითხს პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების თემად, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც აღელვებს მთლიანად საზოგადოებას. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯელოთ, ვიყოთ ღია ამ საკითხთან დაკავშირებით. მივმართავ ყველა მხარეს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს ისე აქტივისტებს, გადავიდეს ეს პროცესი მსჯელობის რეჟიმში და მივიღოთ გადაწყვეტილებები ისე, როგორც პროცესი დაგვანახებს რომ სწორია”, - განაცხადა კობერიძემ.
დეპუტატი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც გამოეხმაურა და ოპონენტებს მიმართა, ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანონ.
”ჩემს ოპონენტ კოლეგებს მინდა მივმართო - ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას ნუ შევიყვანთ შეცდომაში საყოველთაო ჯანდაცვის თემატიკასთან დაკავშირებით. საყოველთაო ჯანდაცვა გრძელდება და ეს არის ის უცვლელი კურსი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს და ძალიან გთხოვთ, ამ თემაზე ნუ იქნება ისეთი ტიპის გამოსვლები, რომელიც მოსახლეობას გაუჩენს კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ეს პრინციპი შენარჩუნებულია. ყველა მოქალაქე კვლავ იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გამაღარიბებელი დანახარჯებისგან. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას სიმშვიდისკენ, ამ შემთხვევაში არაფერი იცვლება”, - აღნიშნა კობერიძემ.