როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ ვართ რეალობას მოწყვეტილები, გაითვალისწინეთ, რომ ამ პოზიციაში მარტოები დარჩით, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმცირესობას.
მდინარაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებებს ხმების ყიდვის, დაშინებისა და შანტაჟის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით იყო სამართლიანი.
„აქ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვართ რეალობისგან მოწყვეტილები, ესეც გაითვალისწინეთ, რომ ამ პოზიციაშიც მარტოები დარჩით“, - მიმართა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“.
მდინარაძე „ნაციონალური მოძროაბის“ სხვა ბრალდებებსაც გამოეხმაურა.
„ვილაპარაკებ უფრო ფაქტებით, ვიდრე არგუმენტებით. 2,5-ჯერ გაზრდილია ავტობანის მშენებლობის ტემპი 2012 წლის შემდეგ და ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია. ნამდვილად არ ვიცი, რა სჭირს რიკოთის გზას, იმიტომ რომ ჩვენც იმ გზაზე დავდივართ. ჩვენი ოპონენტებისგან საკუთრების უფლებაზე საუბარიც ცოტა უხერხულია. ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა არის ჩვენი ძლიერი მხარე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.