ელენე ხოშტარია საპარლამენტო უმრავლესობას:  მართლა ხომ არ მოწყდით თქვენ რეალობას ხალხნო, რაზე საუბრობთ

ელენე ხოშტარია საპარლამენტო უმრავლესობას: მართლა ხომ არ მოწყდით თქვენ რეალობას ხალხნო, რაზე საუბრობთ

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეფასებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიულია ჩვენი ქვეყნისთვის.

როგორც ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ქართული საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს მთელი წლების განმავლობაში იმ ერთგულების გამო, რაც მან გამოხატა რეფორმირების პროცესში და ზოგადად ევროპული ფასეულობებისამდი.

”ძალიან ხმამაღალი არ იქნება ვთქვათ, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მე კონკრეტულად დღეს მინდა ჩვენს ოპონენტებს მივულოცო ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა, რომ თქვენგან ეს სიტყვები არ ისმის, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია. მინდა მივულოცო ეს ჩემი გუნდის წევრებს, რომლებმაც ამაზე ბევრი იმუშავეს, მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, რომელთაც სახელები ჩვენ არ ვიცით, შეიძლება არ არიან პოლიტიკოსები, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს”, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ეს არ არის ბოლო გაჩერება, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელმაც საქართველო უნდა მიაახლოოს სრული ევროპული ინტეგრაციისკენ იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ მართლაც სრულუფლებიან წევრები ევროპული ოჯახის.

”ასევე, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირი კიდევ ერთხელ ახდენს დემონსტრირებას იმის, რომ ევროკავშირს შეუძლია კონკრეტული სიკეთე მოუტანოს კონკრეტულ მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში, განსხვავებით ბევრი სხვა მეზობელი ქვეყნისგან, რომელსაც მუქარის და პრობლემის გარდა არაფერი მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მე გულწრფელად გაოგნებული ვარ იმ თვითკმაყოფილებით, რომელსაც ვისმენ აქ, იქნება ეს დემოკრატიული პროცესების სიამაყით, იქნება ეს ზოგადად მადლობა პრემიერ-მინისტრს, როგორ ყვავის ეს ქვეყანა... მართლა ხომ არ მოწყდით თქვენ რეალობას ხალხნო, რაზე საუბრობთ. პრემიერი რომ ჩადის და ”რუსთავი2”-ის თემაზე ელაპარაკებიან ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ იქეთ ახალი მოთხოვნები გვქონდეს ევროპასთან, ეს არის საამაყო? თუ ის არის საამაყო, რომ დღეს ვიზალიბერალიზაცია და ევროპაში გამგზავრება კი არა, პურის ფულზე ფიქრობენ ადამიანები და წარმოუდგენელი სოციალურ -ეკონომიკური პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომელიც უკან მოგვიტოვებს ყველა ამ მიღწევას, თუ ამ ადამიანებს არ ექნებათ საშუალება ისარგებლონ ამ კონკრეტული სიკეთით”, - განაცხადა ხოშტარიამ.

ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია და ევროპარლამენტი გუშინ გამართულ სამმხრივი შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე შეთანხმდნენ.