რომან გოცირიძე - მეორე ე.წ. საოცარი ოთხწლედის პირველი წელიწადი საშინელი სურათით იწყება

რომან გოცირიძე - მეორე ე.წ. საოცარი ოთხწლედის პირველი წელიწადი საშინელი სურათით იწყება

მეორე ე.წ. საოცარი ოთხწლედის პირველი წელიწადი იწყება საშინელი სურათით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

„ეს არის პირველი ბიუჯეტი იმ ჩავარდნილი 4-წლიანი ეკონომიკური საქმიანობისა, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ხელისუფლების მუშაობის პერიოდში, ანუ მეორე ე.წ. საოცარი ოთხწლედის პირველი წელიწადი იწყება საშინელი სურათით. დღეს ლარის კურსი ფაქტობრივად უახლოვდება 2,65-ს. 4 წლის წინათ, როდესაც პირველი ბიუჯეტი მივიღეთ, ერთი დოლარი უდრიდა 1,65 ლარს. 2,65-დან ერთი ლარი ფაქტობრივად თითოეული ოჯახის, თითოელი ბიზნესის ჯიბიდან ამოღებული ფულია. ლარის გაუფასურებამ გამოიწვია ადამიანების გაღატაკება, მცირე და საშუალო ბიზნესის უკიდურეს კრიზისში ჩაგდება. ქუთაისში რომ მოვდივართ, ყოველ ჩამოსვლაზე ჩვენ გვხვდება ლარის 5-5 პუნქტიანი გაუფასურება. თქვენ როდესაც წინათ იყავით, მაშინ ლარი იყო 2,55. ახლა რეკორდს ამყარებს და მეორე ჩამოსვლაში 2.65-ს უახლოვდება. გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა ამ მძიმე სავალუტო კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის? არასდროს არ აღიარებდით და ახლა, როგორც იქნა, მთავრობის პროგრამით ირიბად ეს აღიარეთ, რომ ამ უარყოფითი მოვლენების ძირითად მიზეზი იყო ქვეყნის ცუდი ბიუჯეტი - დეფიციტური ბიუჯეტი, მფლანგველური ბიუჯეტი, მრავალი უსარგებლო ხარჯების დამფინანსებელი ბიუჯეტი, რომელმაც ქვეყანაში დაარღვია მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მან ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართა კითხვით, - რა მოხდება რომ მომავალი წლის ბიუჯეტი არ გაზარდონ 1,3 მილიარდი ლარით.

„თქვენ ასაბუთებთ, რომ უნდა დააფინანსოთ რაღაც პროგრამები, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურა გიყვართ. ხალხს ეუბნებით, რომ 50 გვირაბი, რომლის დაფინანსებასაც აპირებთ არის სწორედ მათი ამოღებული ფულით დაფინანსებული? შესთავაზეთ ალტერნატივა - რომელი გირჩევნიათ, სტაბილური ლარი და შანსი, რომ დაიწყოს ეკონომიკური ზრდა თუ უამრავი პროექტი, რომელიც ჩადებულია ბიუჯეტში?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ ბიუჯეტი იზრდება დეფიციტის ზრდით.