ციხისძირიდან შესაძლოა ორი ერთმანეთის გვერდით მდებარე ხე ერთდროულად გადაირგას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის უფროსმა გიორგი უძილაურმა განუცხადა.
მისი განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ ხეები ძალიან ახლოს მდებარეობს ერთმანეთისგან, ფესვების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით სასურველია, მათი ტრანსპორტირება ერთად განხორციელდეს.
„არის სურვილი ორი ხის ერთად გადარგვისა, გამომდინარე იქედან, რომ ახლოს მდებარეობენ ერთმანეთისგან. მინიმუმამდე რომ იყოს დაყვანილი ფესვების დაზიანება, შესაძლოა, გაკეთდეს ამ ორი ხის ერთად გადარგვა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე სამი ხე შევიძინეთ, ტიტას ხე უკვე გადარგულია. ტიტას ხის გადატანას ორ თვეზე მეტი დასჭირდა. იმისთვის, რომ ხეს გაეხარა ახალ ადგილზე, გათვალისწინებული იყო ყველა დეტალი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი იყო ჩასაფრებული და ამბობდა, რომ ხე არ გაიხარებდა, უნდა ვთქვა, რომ ტიტა მშვენივრად გრძნობს თავს ახალ ადგილზე“, - აღნიშნა გიორგი უძილაურმა.
მისივე ინფორმაციით, კიდევ 10-მდე ხე, ციხისძირსა და მის მიმდებარედ, კერძო მესაკუთრისგან შეიძინეს და მათი გადარგვა მიმდინარე ზამთარს იგეგმება.
„ასევე, კერძო მესაკუთრეებისგან შევიძინეთ 10-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე. გაფრომდა ხელშეკრულება ორ კერძო მხარეს შორის და ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის თანხებზე საუბარი. ახლა არის გადარგვის სეზონი, ცივი ამინდებია და ზამთრის პერიოდი იქნება გადასარგავად გამოყენებული. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, სიტუაცია გამოაჩენს, როგორ იქნება უკეთესი - ზღვით თუ ხმელეთით. თვითონ ინჟინრები გადაწყვეტენ, როგორ გადარგავენ“, - აღნიშნა გიორგი უძილაურმა.
მისივე განმარტებით, გურიის დენდროლოგიურ პარკს, სადაც ხეები გადაირგვება, ტურისტულ საზოგადოებრივი ფუნქცია ექნება.
ციხისძირში კომპანია „ზიმომ“ ხეების გადარგვის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. დაახლოებით, ერთ თვეში გურიის პარკში მაგნოლიის ხეც გადაირგვება.