გიორგი გახარია კახა კალაძისა და „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას „ჩვეულებრივ, სტანდარტულ მოლაპარაკებებს“ უწოდებს

გიორგი გახარია კახა კალაძისა და „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას „ჩვეულებრივ, სტანდარტულ მოლაპარაკებებს“ უწოდებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძისა და კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლების შეხვედრას „ჩვეულებრივ, სტანდარტულ მოლაპარაკებებს უწოდებს, რომელიც ყოველ წელს იმართება“.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, არის ტექნიკური თემები, რომელიც განსახილველია.

„ენერგეტიკის მინისტრი თუ ახორციელებს მოლაპარაკებებს „გაზპორმთან“, ეს არის კარგი, იქედან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებებს ადრე დავიწყებთ და ეს არ იქნება ახალი წლის პერიოდში. ყველას გვესმის, რომ ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული მოლაპარაკებები, რომელიც ყოველ წელს იმართება. არის ტექნიკური თემები, რომელიც არის განსახილველი და დასახური. რაც უფრო ადრე დავიწყებთ მოლაპარაკებებს, მით უკეთესი იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 13-14 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტისა“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელებს შეხვდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, კახა კალაძე კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს დღეს ვენაში შეხვდება, ხოლო კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას - მინსკში 14 დეკემბერს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა, არსებული ხელშეკრულებით, ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება.