სასჯელაღსრულების სამინისტრო მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ბრალდებულის დაწესებულების გარეთ, კერძო კლინიკაში გადაყვანას, ეს დაიგეგმა მაია რჩეულიშვილის ადვოკატისა და მეუღლის განცხადების საფუძველზე.

”ბრალდებულ მ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი. რაც შეეხება ბრალდებულის დაწესებულების გარეთ, კერძო კლინიკაში გაყვანას, აღნიშნული დაიგეგმა მისი მეუღლისა და ადვოკატის განცხადების საფუძველზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ბრალდებულ მ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით კანონით დადგენილ ყველა ღონისძიებას ახორციელებს”, - აცხადებენ სამინისტროში.

”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში დღეს გადაიყვანენ. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” რჩეულიშვილის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამოქალაქო საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანენ.

”მედპერსონალმა და ციხის ადმინისტრაციამ ეჭვის ქვეშ დააყენა ის, რომ მაია რჩეულიშვილმა წონაში კლება დაიწყო, რაც მის მდგომარეობაში და ასაკში არაა ნორმალური. ჩაუტარდა გამოკვლევა. უკვე ჩატარებული გამოკვლევების პასუხები ჩვენთვის არაა ცნობილი. შეგვატყობინეს, რომ ციხის საავადმყოფოში არაა საკმარისი საშუალებები გამოკვლევების ჩასატარებლად და დიაგნოზის დასასმელად, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა და სრული გამოკვლევის იქ ჩატარება”, - განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.