კითხვის ნიშნები არსებობს ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ერთეულ პიროვნებაზე მორგებულ ინიციატივებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ცხადია, გაგვიჭირდება და თავს შევიკავებთ ამ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისგან, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო გათვალისწინებული ყოფილიყო ის რეკომენდაციები, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი გასცემდნენ. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას, მიუხედავად პოლიტიკური მნიშვნელობისა, დაბალი ლეგიტიმაცია გააჩნია.
”საკონსტიტუციო კომისია თავისი არსით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები კონსტიტუციაში, მაგრამ ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ არც საქართველოს კონსტიტუცია და არც ერთი ნორმატიული აქტი, თავისი არსით არ იცნობს საკონსტიტუციო კომისიას. ეს კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივა და, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ როდესაც ხდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივის გაჟღერება, მთავარი ამოსავალია, მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისიას უნდა ჰქონოდა ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, ძალიან ფართო კონსენსუსი, ვინაიდან ეს არ არის უბრალოდ რამე ტიპის საკითხის გადახედვა, არამედ ეს არის კონსტიტუციის გადახედვა, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს. ის უნდა სარგებობდეს ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით. ამის შესახებ საუბარი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, სადაც ნახსენები იყო ფართო კონსენსუსი და ლეგიტიმაცია. ასევე იყო პრეზიდენტის ინიციატივა, რომ ყოფილიყო სამი თანათავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ვენეციის კომისიის ფართო ჩართულობით უზრუნველყოფილი და შექმნილი, რაც უზრუნველყოფდა ფართო ლეგიტიმაციას. სამწუხაროდ, ეს ასე ვერ მოხდა, რაც ძალიან დასანანია. კითხვის ნიშნები არსებობს ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ერთეულ პიროვნებაზე მორგებულ ინიციატივებთან დაკავშირებით. ამიტომ ცხადია, გაგვიჭირდება და თავს შევიკავებთ ამ, საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისგან”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.