საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის საბჭოს 12 დეკემბრის გადაწყვეტილებას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის 2018 წლის 14 დეკემბრამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ”ინტერპრესნიუსი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
”საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის საბჭოს 12 დეკემბრის გადაწყვეტილებას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის 2018 წლის 14 დეკემბრამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი საქართველოში, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანი მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის ურყევ პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.
ქართული მხარე მადლობას უცხადებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისა და სამშვიდობო პროცესების მხარდაჭერისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა და მანდატის სრულფასოვნად განხორციელება”, - ნათქვამია განცხადებაში.