თუ მაგიდაზე დაიდება კონსტიტუციის ორი პროექტი, უფრო საინტერესო იქნება მათი შედარება და შესაძლოა, განსხვავებული შედეგი დადგეს

თუ მაგიდაზე დაიდება კონსტიტუციის ორი პროექტი, უფრო საინტერესო იქნება მათი შედარება და შესაძლოა, განსხვავებული შედეგი დადგეს

თუ მაგიდაზე დაიდება კონსტიტუციის ორი პროექტი, უფრო საინტერესო იქნება მათი შედარება და შესაძლოა, განსხვავებული შედეგი დადგეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომ არ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საკონსტიტუციო კომისიაში და საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატი აამოქმედოს.

ცისკარიშვილის თქმით, სკაონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიდგომები განსხვავებულია და ძნელია, საზოგადოებას ამ საკითხზე ერთი აზრი გააჩნდეს.

„მე მიმაჩნია, რომ თუ მაგიდაზე იქნება კონსტიტუციის ორი პროექტი, უფრო საინტერესო იქნება მათი შედარება და შესაძლოა, შედეგი დადგეს განსხვავებული და მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც განსხვავებულ ცნებებს შეაჯერებს, გაამდიდრებს ახალ კონსტიტუციას. დარწმუნებული ვარ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა წაადგება კონსტიტუციის ორივე პროექტის მომზადების პროცესს. ცხადია, გაიმარჯვებს ის მოდელი, რომელზეც დასთანხმდება კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე პოლიტიკური სუბიექტი, მაგრამ თუ ეს არ იქნა მიღებული ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის, ცხადია, მხოლოდ ვნებისმომტანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, ვინაიდან ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და ალბათ, არაერთხელ წამოაძახებენ მათ, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ასეთი ზღვარი კი, ცისკარიშვილის აზრით, საზოგადოებისთვის პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა გახდეს.

„რომ ყოფილიყო 8-პარტიანი პარლამენტი, ეს სერიოზულ საფრთხეს არ ნიშნავდა. ახლა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა პრივატიზებულია ამ პარტიის მამა-მარჩენალის მიერ, ცხადია, უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ ერთი ადამიანის ნება-სურვილით იქნება რედაქტირებული არსებული კონსტიტუცია. ჩვენ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრებს გვქონდა პატივი, 2013 წელს მოგვესმინა პრემიერ-მინისტრის გამონათქვამებისთვის, როდესაც იგი საუბრობდა პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის სრულიად დაუშვებლობაზე. იგი იყო სრულიად მკაფიო თავის შეხედულებებში, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხოლოდ გაძლიერება უნდა, რომ აუცილებელია ლეგიტიმაციის მაღალი დონე, რათა მას ჰქონდეს ბერკეტები, აუცილებლობის შემთხვევაში, პარლამენტსა და მთავრობას შორის რაიმე გაუგებრობის დროს დაამყაროს სიმშვიდე. ყველაფერი ეს კარგად გვახსოვს და ყველაფერ ამას უკუღმა მხრიდან დანახულს ვაცნობიერებთ“, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს. პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატის „აქტიურად ამუშავებას“ გეგმავს.