პარლამენტის ბიუროს “სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის“ შესახებ პარლამენტის დადგენილება და კომისიის დებულება წარედგინა.
პროექტის მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში შედიან: - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს; ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც; საქართველოს პრეზიდენტის 2 წარმომადგენელი; საქართველოს მთავრობის 2 წარმომადგენელი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები; საქართველოს სახალხო დამცველი; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ამასთან, პარლამენტში მყოფ პარტიებს მიღებული მანდატების რაოდენობის პროპორციის შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისიაში განესაზღვრება შემდეგი კვოტები: - “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 23 წევრი; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 6 წევრი; “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 წევრი.
კომისიის პერსონალურ შემადგენლობას პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით დაამტკიცებს.
ამასთან, დებულების მიხედვით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. კომისიის სამუშაო ჯგუფებია: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულის, კონსტიტუციის ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა ჯგუფი; საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა ჯგუფი; საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და თავდაცვის საკითხთა ჯგუფი და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა ჯგუფი.
აღსანიშნავია, რომ კომისიის დებულებით განსაზღვრული არ არის კომისიისა და სამუშაო ჯგუფების კვორუმი. გარდა ამისა, დებულების პროექტში არც ის წერია, თუ როგორი წესით და ხმათა როგორი გადანაწილებით მიიღება საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილებები.
დადგენილების პროექტის მიხედვით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშავოს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.