საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ

საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ

საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვნია მაღალი ლეგიტიმაციის, ფართო ჩართულობის მაქსიმალური პოლიტიკური ნდობისა და კონსესუსის უზრუნველყოფა, ხოლო კომისიის შესახებ დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას.

„საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემოთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ, ვფიქრობ, არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვის დემოკრატიულობას და არ არის ორიენტირებული ფართო კონსესუსის მიღწევაზე. უფრო მეტიც, აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიულ გადაწყვეტილების მიღებაზე. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან. თუმცა, ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ავამუშავებთ ამ თვალსაზრისით არსებულ ერთადერთ საკონსტიტუციო ნორმას, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას”, - განაცხადა აბაშიშვილმა.