საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების საკითხს ეხმაურება.
დოლიძეს განცხადებით, გაუგებარია რა ლოგიკით ხდება კომისიის ფორმირება. მისი თქმით, თუ ფორმირება ხდება იმ მანდატის მიხედვით, რომელიც ხალხმა მისცა გარკვეულ პარტიებს, მაშინ პრეზიდენტმა 2013 წელს ამომრჩეველთა 62 პროცენტი მიიღო, რამაც მას შესაძლებლობა უნდა მისცეს შესაბამისი რაოდენობის ადამიანებით დააკომპლექტოს კომისია.
„თუ პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა ან პრეზიდენტთან კომისიის შექმნა არ მოხერხდა იმიტომ, რომ პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაშინ რა ლოგიკით ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოწვევა, რადგან ბუნებრივია, მათაც არ აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. თუ შემადგენლობის ფორმირება მოხდება იმ მანდატის მიხედვით, რომელიც ხალხმა მისცა გარკვეულ პარტიებს, ან წარმომადგენლებს, ანუ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის მიხედვით, მაშინ საქართველოს პრეზიდენტს 2013 წელს მიღებული აქვს დაახლოებით 62%, შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს უფლება შესაბამისი რაოდენობის ადამიანებით დააკომპლექტოს კომისია. დღესდღეობით ჩვენი მთავარი ინტერესი არის, გავიგოთ ის ლოგიკა და იმედია, ეს არის გამართული ლოგიკა, რომელსაც დაექვემდებარება კომისიის ფორმირება", - განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.