გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეს:   ხალხისგან მიცემულ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას მეტი ფასი აქვს, ვიდრე სამართლებრივს

გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეს: ხალხისგან მიცემულ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას მეტი ფასი აქვს, ვიდრე სამართლებრივს

ექსპერტი გია ხუხაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეახსენებს, რომ ხალხისგან მიცემულ, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას მეტი ფასი აქვს, ვიდრე სამართლებრივს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხუხაშვილმა განუცხადა, როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაში, რომ საკონსტიტუციო კომისიას ლეგიტიმაციის კუთხით არანაიარი პრობლემა არ შეექმნება, სამართლებრივ ლეგიტიმაციას გულისხმობს. თუმცა, ექსპერტის აზრით, უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ლეგიტიმაცია.

„მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტის თავმჯდომარეა და შესაბამისად, სამართლებრივად ლეგიტიმური ფიგურაა, მას სახალხო ნდობის და მხარდაჭერის თვალსაზრისით ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია აქვს, იმიტომ რომ ის ირიბად არის არჩეული პარლამენტის თავმჯდომარედ ამ ქვეყნის ამომრჩევლის 25%-ის მიერ. მე არ მინდა, რომ მან მომავალში საკუთარ ტყავზე გამოსცადოს, რა მნიშვნელობა აქვს სახალხო ლეგიტიმაციას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, ვინაიდან ეს ქვეყანა დაიღალა ამისგან. თუ ის ვერ ხედავს, რომ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე სამართლებრივს, მაშინ სერიოზული პრობლემაა, თუმცა არ მიკვირს ირაკლი კობახიძისგან, რამეთუ მან, ფაქტობრივად, არ იცის ამ ქვეყნის ისტორია, არ იცის მძიმე გამოცდილება უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამი წლის წინ სასათბურე პირობებში გამოყვანილი პოლიტიკოსია - არსაიდან მოსული ფაქტობრივად. მე მინდა მას შევახსენო, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციას ანუ ხალხისგან მიცემულ ლეგიტიმურობას ბევრად უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ფორმალურ სამართლებრივ პროცედურებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე აზრით, პრეზიდენტის მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიას შესძენდა პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და საზოგადოებაში პროცესისადმი მეტი ნდობა განჩნდებოდა.

„ფორმალური გაგებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მონაწილეობა შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ქვეყანა არ ცხოვრობს ფორმალური კანონებით, სახალხო ნდობას აქვს ბევრად მეტი ფასი და წონა ამ საზოგადოებაში, ვიდრე იმ ფორმალურ რიტორიკას, რითაც ირაკლი კობახიძე ცდილობს, ელაპარაკოს საზოგადოებას. ეს ლაპარაკი არ გამოუვა და ამას მალე დაინახავს“, - დასძინა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “არაკორექტული“ უწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს, საკონსტიტუციო კომისიის ვიწრო პოლიტიკური ხედვით შექმნის შესახებ.

“რაც შეეხება საკონსტიტიციო კომისიის ე.წ. ლეგიტიმაციის საკითხს, საერთოდ არ მესმის ეს სიტყვა რა კავშირშია საკონსტიტუციო კომისიასთან - ლეგიტიმაციის კუთხით არანაიარი პრობლემა არ შეიქმნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ჯერჯერობით უცნობია, ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.