ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის ელჩები სამუშაო შეხვედრის ფორმატში 7 დეკემბერს იმსჯელებენ, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ 2030-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ძნელი სათქმელია, რამდენად იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, თუმცა თავად შეხვედრის ჩანიშვნა მნიშვნელოვანი ფაქტია.
„ჩანიშნულია განხილვა, ელჩები განიხილავენ შეჩერების მექანიზმს, თუ რა სტადიაშია ახლა და რა იქნება. გადაწყვეტილებას ისინი ვერ მიიღებენ, თუმცა თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შეხვედრა ჩანიშნულია. განიხილება თემა და შეიძლება, შეჯერდნენ რაღაც პოზიციაზე, თუმცა რთულია ამის თქმა. ასეთი განხილვა ადრეც იყო. ახლა სწორედ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარეობს შეთანხმების ძიება ამ მექანიზმის გარკვეულ ასპექტებზე. ბევრი პროცედურა არ არის დარჩენილი. საკითხი კი, შეთანხმების მიღწევის შემდეგ, კვლავ ევროპარლამენტს უნდა დაუბრუნდეს, რომ პარლამენტის პოზიცია გახდეს ცნობილი“,-აღნიშნა საბანაძემ.
წინასწარი ინფორმაციით, შეჩერების მექანიზმის საკითხის პირველი მოსმენით განხილვა ევროპარლამენტში 18 იანვრისთვის არის ჩანიშნული.
ამასთან, უკვე არებობს შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა ძალაში.