დოლარის კურსის დღევანდელი სწრაფი გაუფასურება არის სპონტანური, პანიკური, დროებითი რეაქცია და ძირითადად ემოციური გავლენით არის გამოწვეული, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ რამდენადაც შესაძლებელია კურსმა დაიწიოს.
„რამდენიმე საათიანი, დროებითი სპონტანური რეაქციაა და მინდა, ყველას მოვუწოდო, ნუ მოახდენენ თავიანთი რეზერვების სწრაფად გადახურდავებას, რადგან დანაკარგს ნახავენ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ეროვნული ბანკის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ მიაქციეთ ყურადღება, რომ ეროვნული ბანკიც ზუსტად იმავეს იმეორებს. ეს არ არის გამოწვეული არანაირი შიდა ფაქტორებით, ეს არის ემოციური, სპონტანური ფაქტორებით. მინდა, ყურადღება გაამახვილოთ ეროვნული ბანკის ამ განცხადებაზე. ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ და რეზულტატს მალე ვნახავთ”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.