ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფაქტორი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაში არის ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკის გატარება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ბანკები აფუძნებენ კერძო კომპანიებს, ან არიან ფაქტობრივი მფლობელები სხვადასხვა კომპანიების, ეს იწვევს კონკურნეციის დახშობას დარგში, ბიზნესის უნდობლობას საბანკო სფეროსა და მთავრობის მიმართ.
„რატომ მთავრობის მიმართ? იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაჩნია კანონი, რომელიც კრძალავს ბანკების არაპროფილურ საქმიანობას და ამისდა მიუხედავად, ბანკები სხვადასხვა სქემებით ფლობენ და მართავენ არაპროფილურ ბინზესებს და კლავენ ამით კონკურენციას. კონკურენციის გარეშე ეკონომიკა ვერ გაიზრდება და მთავრობა კარგავს ბიზნესის ნდობას, რადგან არსებობს კანონი და ის არ სრულდება. დღეს ლარის კურსმა მიაღწია ისტორიულ მინიმუმს. მე როგორც დეპუტატს მიმაჩნია, რომ ამაში ნეგატიური ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკაა დამნაშავე და ხელისუფლებამ მყისიერი რეაქცია უნდა გააკეთოს, რომ მოაგვაროს ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები“,- აღნიშნა ოქრიაშვილმა.