ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანაბარი უფლებების საფუძველზე ითანამშრომლოს. ამის შესხებ რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას განაცახდა.
რუსეთის ლიდერის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე საერთო პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
“მნიშვნელოვანია თანაბარი უფლებებისა და ურთიერთმომგებიან საფუძველზე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება და განვითარების დაწყება. ვიმედოვნეთ, რომ აშშ-სთან რეალური და არა გამოგონილი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში გავერთიანდებით”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
“ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების შელახავასა და მათ უგულვებელყოფას. ჩვენ გვსურს, დამოუკიდებლად განვკარგოთ ჩვენი ბედი, ავაშენოთ აწმყო და მომავალი სხვისი კარნახისა და არასაჭირო რჩევების გარეშე”, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ბოლო წლებში რუსეთი გარე ზეწოლის მცდელობების წინაშე აღმოჩნდა, რა დროსაც გამოყენებული იქნა ყველაფერი - რუსეთის აგრესიის, პროპაგანდისა და სხვის არჩევნებში ჩარევის შესახებ მითებიდან რუსი სპორტსმენების დევნამდე.
“შეკვეთილი საინფორმაციო კამპანიები, გამოგონებები, კომპრომატების გავრცელება, მენტორული ჭკუის დარიგებები ყველას საკმაოდ მობეზრდა, თუ საჭირო იქნება, ჩვენ თავად შეგვიძლია ჭკუის დარიგება”, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობა არავისთან სურს. მისი თქმით, ეს არც რუსეთს, არც მის პარტნიორებსა და არც მსოფლიო საზოგადოებას სჭირდება.
“უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც რუსეთში მოწინააღმდეგეს ხედავენ, ჩვენ არ ვეძებთ და არასდროს ვეძებდით მტრებს, ჩვენ მეგობრები გვჭირდება”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ დასავლეთისთვის დაწესებული კონტრსანქციები მართალია დაეხმარა რუსეთის სოფლის მეურნეობას, თუმცა “ეს ვერ და ალბათ არ გაგრძელდება მუდმივად”. მისი თქმით, მომხმარებელსაც სჭირდება კონკურენტული ბაზარი.