გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე "დემოკრატიულ მოძრაობას" შეუერთდა

მე ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე ვიყო იმ პოლიტიკურ ლიდერთან, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, დიდი პოლიტიკური ბიოგრაფია და პერსპექტივა, - ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა მისი გადაწყვეტილება განსაზღვრა იმ ვითარებამ, რაც ქვეყნის შიგნით არის შექმნილი. მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საგარეო ფაქტორებმა.

"მე პირადად მჯერა, რომ ის პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ქალბატონ ნინოს და „დემოკრატიულ მოძრაობას“ აქვს არჩეული საჭიროებს კიდევ უფრო გააქტიურებას. ჩვენ ვეღარ ავირჩევთ იმ მიმართულებას, რომელსაც ჰქვია ერთი ვექტორი. საქართველო, რა თქმა უნდა, ევროპული ცივილიზაციის უძველესი ნაწილია, მაგრამ არა მისი პერიფერია", - აღნიშნა სანიკიძემ.

როგორც სანიკიძემ განაცხადა, „დემოკრატიული მოძრაობა” მხარს უჭერს ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობასა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოს სჭირდება ძალიან სერიოზული საგარეო პოლიტიკა.

„მიუხედავად ამისა, ბოლო დროინდელი მსოფლიო პროცესები გვარწმუნებს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ყველა მიმართულებით საგარეო ურთიერთობები, დღეს საქართველოს სჭირდება ძალიან სერიოზული საგარეო პოლიტიკა. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ საგარეო პოლიტიკა დღეს ქვეყანაში გაჩერებულია, საგარეო პოლიტიკა აღარ ითვლება პრიორიტეტად. ქვეყანას აქვს უსუსტესი დიპლომატია. საერთოდ ხსენება აღარ არის ტერიტორიული მთლიანობის, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე მედიის მხრიდანაც. მიმაჩნია, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ საქართველოს საბოლოოდ ათქმევინონ უარი ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.