როდესაც მედიაზე საუბრობთ, კარგად დაუფიქრდით თქვენივე წარსულს

როდესაც მედიაზე საუბრობთ, კარგად დაუფიქრდით თქვენივე წარსულს

„რუსთავი 2“-ის საქმე არის მნიშვნელოვანი, საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე და, ბუნებრივია თითოეული ჩვენგანი ისურვებდა, სასამართლო პროცესი დასრულდეს იმდაგვარად, რომ ფაქტობრივად კითხვები აღარ დარჩეს საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არანაირად არ გადის მედიის თავისუფლების ზღვარი „რუსთავი 2“-ის საქმეზე.

„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის თემას, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო. ნახსენები იყო „ენტევე“. დიდი ბოდიში მოხდით, პირველ რიგში საზოგადოებასთან, არ შემიძლია, არ შევახსენო საზოგადოებას ის ქეისები და მსგავსი ტიპის შემთხვევები, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაიარა საზოგადოებამ და გაცილებით უხეში ფორმებით, ვიდრე ეს „ენტევეში“ მოხდა.გვახსოვს  ტელევიზიებში იატაკზე დაყრილი ჟურნალისტები, იარაღმიბჯენილი, მერე ტყვიებდაშენილი. ძალიან გთხოვთ,მსგავს შემთხვევებს როცა გაიხსენებთ, კარგად დაუფიქრდით თქვენივე წარსულს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში 2012 წლის შემდეგ არის მედიაპლურალისტული გარემო.

„გარდა მედიის თავისუფლებისა, არის კერძო საკუთრების თემაც.  „რუსთავი 2“-ის პროცესი დღეს უფრო მეტად არის კერძო საკუთრების ქონებრივი უფლების საკითხი, ვიდრე მედიის თავისუფლების. მე პირადად, როგორც პიროვნება ლევან კობერიძე, ჩემ აზრს გამოვხატავ, მორალური თვალსაზრისით, ჩემთვის ეს ტელევიზია დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძის და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის საკუთრება უფროა, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია.  იმიტომ არის ქვეყანაში სასამართლო, სასამართლო პროცესი და სამართლებრივი ჩარჩოები, რომ ჩვენი პირადი მოსაზრებები გადავდოთ გვერდზე და ვაცადოთ სასამართლოს, ჩამთავრდეს ეს პროცესი“, - განაცხადა კობერიძემ.